შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გამართულ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომას დაესწრო.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა სხდომაზე განაცხადა, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, საკარანტინო ზონაში, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ და მკაცრ კონტროლს განაგრძობენ.
უწყების ინფორმაციით, პოლიციელები მოსახლეობას საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს ინტენსიურად აცნობენ. გარდა ამისა, გრძელდება ძირითად გზებზე საკონტროლო-გამშვებ საგუშაგოებზე კონტროლი. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ჯგუფები მეორეხარისხოვან გზებს აკონტროლებენ და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.