ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყება განცხადებას ავრცელებს.

“კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. ასევე, გამოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი.

ვინაიდან, სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ყველა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის, გუშინ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედო მოსამსახურეებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უტარდებათ. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიას და სხვა პროფესიულ ჯგუფებს, წინასწარ არ გაავრცელონ ინფორმაცია და სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა. დაელოდონ, როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....