დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო დადგენილია.
როგორც იმნაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პაციენტის ინფიცირების წყარო მისივე ოჯახის წევრია.
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილი გვაქვს. კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ დაინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მანამდე საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა… ჯერჯერობით ჩვენ მარნეულში არ გვაქვს ვირუსის ფართო გავრცელება იმიტომ, რომ ყველა ვინც არის დადებითი, ყველა უკავშირდება ახლო ოჯახურ კონტაქტებს ამ ქალბატონის”, – განაცხადა იმნაძემ და დასძინა, რომ დაგეგმილია დამატებითი გენეტიკური ანალიზების ჩატარება.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 346 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.