ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან ლაბორატორიაში სამი პაციენტის ანალიზები გაგზავნეს. პაციენტები საავადმყოფოში ახალი კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით იმყოფებიან.
ქუთაისის ინფექციურის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით, პაციენტებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ და ისინი საჭიროების მიხედვით ბოქსირებულ და ნახევრად ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული.
აქვთ თუ არა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი, ხვალ დილით გახდება ცნობილი.
შეგახსნებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა ფიქსირდება.
საქართველოს პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის” ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
საქართველოში 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.