“იმედია, საველე ჰოსპიტალის გამოყენება არ დაგვჭირდება. თუმცა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მძიმე სცენარისთვისაც, იმიტომ, რომ ყველაზე მსუბუქზე გავიაროთ. ესაა ჩვენი მიზანი. გარდა ამისა, მარნეულში არსებულ ორ სასტუმროში 150-მდე ადამიანი გვყავს კარანტინში. ადგილების მეოთხედიც კი არაა შევსებული. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც დამატებითი სივრცეები გვაქვს მოძიებული.”
სოზარ სუბარი – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
ამის შესახებ სოზარ სუბარმა “დღის ამბების” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელთა კონტროლს საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.
მარნეულში მოეწყო საველე ჰოსპიტალიც.
დღეიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ოჯახებში კარდაკარ სიარული და სამედიცინო შემოწმება დაიწყო.