თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დილის შემდეგ დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი მათ ცენტრში წევს, ხოლო სამი კი სხვა კლინიკაშია მოთავსებული. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი პაციენტი ამ ეტაპზე პრობლემურად არ ფასდება.
„დილის შემდეგ გაიზარდა ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა. დილას იყო 66 პაციენტი და ამ დროისთვის არის 70. აქედან ერთი არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული და სამი მოთავესებულია სხვა კლინიკაში. კლინიკაში ჯამში 33 პაციენტი გვყავს. ამ ეტაპზე ასევე გვყავს მთლიანად ცხრა გაჯანმრთელებული პაციენტი და 33 ამჟამად მკურნალობს. ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური პაციენტი. მისი კვლეევები გაგრძელდება და სადღაც 24-48 საათიანი დინამიკით ჩატარებული კვლევებით შეიძლება შევაფასოთ შემდგომში მისი პროგნოზული მდგომარეობა. არსებული სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ჩვენი პაციენტის წყარო ამერიკის კლასტერს მიეკუთვნება და დანარჩენი სამი, თუ არ ვცდები, მარნეულის კლასტერია“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დაახლოებით 12 პაციენტის ანალიზებია აღებული, რომელთა პასუხებსაც გვიან ღამით ელოდებიან.
„როდესაც პირველი ნეგატიური პასუხი მიიღება ამ პაციენტებზე, შემდეგ 24-საათიანი ინტერვალით იქნება განმეორებითი პასუხი და პასუხის შესაბამისად მოხდება მათი ბინაზე გაწერა. ამ პროცესში გვყავს სამი პაციენტი, რომელთანაც პირველადად მიღებულია ნეგატიური პასუხი და განმეორებით ჩატარდება 2-3 დღის განმავლობაში ტესტირება, შემდგომში გაგრძელდება ტესტირების მონიტორინგი“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. 70 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა უკვე გამოჯანმრთელებულია.
ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს შსს-სთან ერთად აკონტროლებენ.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.