შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში საველე ჰოსპიტალის ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულებულია.
უწყების ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალი 100 პაციენტზეა გათვლილი და მისი შიდა და გარე ინფრასტრუქტურა ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი.
“ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით მოეწყო ტრიაჟის კარავი, სადაც საჭიროების შემთხვევაში მოხდება პაციენტების მდგომარეობის შეფასება, ასევე გამართულია ბოქსირებული და სტანდარტული პროცედურების შესაბამისი კარვები.
ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.
საველე ჰოსპიტალის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
საკარანტინო ზონას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებით სრულად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. უკვე გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.