ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ჩინეთიდან დღეს ორი ტიპის სწრაფ ტესტს მიიღებს.
„დღეს ჩვენ ველოდებით სპეცრეისს, რომელიც განხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში და მივიღებთ ორი ტიპის სწრაფ ტესტს. ერთ-ერთი ტესტი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე საქართველოში გვაქვს და უბრალოდ მოხდება ჩვენი მარაგების კიდევ დამატებით შევსება. მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას. ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ იქ, სადაც ჩვენ ვთვლით, რომ არის რისკი ეპიდემიური აფეთქების, დავიწყებთ იმ მოსახლეობის გამოკვლევას. ამ ეტაპისთვის ეს რეგიონი შერჩეული არის და არის მარნეულის რეგიონი, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შემდეგ ეფექტს, რომ მოხდება მარნეულში არა ეპიდემიის ისეთი სწრაფად გავრცელება, რომელიც ეს შესაძლებელი იქნებოდა ტესტის არ ქონის შემთხვევაში, არამედ რეგიონში ეპიდემიის გარკვეულწილად შეკავება და მისი დინამიკურობის გაკონტროლება“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. უკვე გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.