ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტექინსპექტირებასთან დაკავშირებულ სერვისებს აკრძალვები არ ეხება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა აღნიშნა, ტესტირების ცენტრების საქმიანობა წესების დაცვით გრძელდება.
მისი თქმით, შესაბამისი ტესტირების ცენტრები მოემსახურებიან როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.
„ტექინსპექტირებთან დაკავშირებული სერვისები არ შედის აკრძალვაში. ტესტირების ცენტრების საქმიანობა გრძელდება წესების დაცვით. რაც შეეხება ჯარიმებს, შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე მოქალაქეებს ჯარიმები არ დაეკისრებათ და ისინი გადავადებულია. ამასთან, ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში,“ – განაცხადა ნათია თთურნავამ.
შეგახსენებთ, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. უკვე გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.