პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში შეყვანილია 18 წლის გოგო, რომელსაც მარნეულში დაინფიცირებულ ქალთან ჰქონდა კავშირი.
„62 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ერთადერთი, რისი იმედიც გვაქვს, რომ წნევას მინიმალური დახმარებით იჭერს. აქვს ორმხრივი რესპირატორული დისტრეს სინდრომი, რაც პნევმონიაზე უარესია. ასევე აქვს ტემპერატურა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მაღალი ტემპერატურით შემოიყვანეს 18 წლის გოგო, რომელიც მარნეულის საავადმყოფოში მუშაობდა და კონტაქტი ჰქონდა ამ ქალთან“, – აცხადებს ლალი ტურძელაძე.
შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 8 პირი. 5 გამოჯანმრთელებული საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.