საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როდესდაც პაციენტს ფილტვების ანთების დიაგნოზი აღენიშნება, პირველივე დღეს არაა იმის საჭიროება, რომ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეს.
ეს განცხადება ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, თუ რატომ არ ჩაუტარდა 4 დღის განმავლობაში მარნეულის კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსზე ტესტი.
ამასთან, მინისტრის თქმით, გამოვლენილია 100-ზე მეტი კონტაქტი, რომლებსაც ინფიცირებულ პაციენთან ჰქონდა ურთიერთობა.
“საქართველოს მასშტაბით ზოგადი სტატისტიკის მიხედვით, ფიქსირდება 700-მდე ფილტვების ანთების დიაგნოზი. რა თქმა უნდა, არასდროს ითვლება საჭიროდ, რომ ტესტირება ჩატარდეს შესვლიდან პირველივე დღეს. თუმცა, ექიმების მოთხოვნიდან მეორე დღეს ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან ჩატარდა გამოკვლევა და დადასტურდა კოვიდ-19, რის შემდეგაც პაციენტი გადმოიყვანეს თბილისის კლინიკაში. და იმ პერიოდში როცა ეჭვი არსებობდა, ჩვენი ექიმების მხრიდან დაცული იყო უსაფრთხოება და პაციენტი იზოლაციაში იმყოფებოდა”,- განაცხადა ტიკარაძემ.
გუშინ მარნეულში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე დიაგნოზით გუშინ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.
ვირუსის ფართო გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა.
მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ისინი საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე ქალაქში შემსვლელ და გამსვლელთა კონტროლს ახორციელებენ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული 8 პირი უკვე გამოჯანმრთემდა. 5-მა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა, მათგან 2 პირი დღეს გაწერეს.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.