“სანამ კორონავირუსზე დაიწყებოდა საუბარი, პირველი რასაც დაარტყეს, იყო წმინდა ზიარება. ქრისტე არასოდეს და ვერასოდეს დავირუსდება – ეს ასე გვწამს და გვჯერა ჩვენ, ქრისტიანებს… მე ვერ მეტყვით შემთხვევას, რომ ზიარებიდან რომელიმე სასულიერო პირს, რომელიც აბასთუმანში დავირუსებულ ადამიანებთან მსახურობდა, სენი გადადებია… ჩვენ ამ დაავადებისგან დაცული არ ვართ, მაგრამ მე ვსაუბრობ ზიარებაზე”
მამა შალვა კეკელია – ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი
“ტვ პირველი”
შეგახსენებთ, 20 მარტს წმინდა სინოდის კრება ჩატარდა. მღვდელმთავრების გადაწყვეტილებით, ზიარების წესი არ შეიცვლება.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და საკვირაო ქადაგებისას მრევლს მიმართა.
საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. 54 ინფიცირებულიდან 3 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 2 956 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 291 პირი რჩება.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
რაც შეეხება გლობალურ ვითარებას, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი ვირუსით ინფიცირების 319 675 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 13 699 პირი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 96 006 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.