“ყველა მოქალაქე, ვინც გადაკვეთს ჩვენს საზღვარს, აუცილებლად გაივლის ორკვირიან კარანტინს. ეს არის ორგანიზებული კარანტინი. მთელი ჩვენი დაცვის სტრატეგია ეფუძნება ძალიან ძლიერ პრევენციას, შესაბამისად, ეს ზომები კიდევ უფრო გაძლიერდება. საკარანტინო სივრცეების საჭიროება პრაქტიკულად გაორმაგდება. ოთახებისა და სასტუმრო სივრცეების საჭიროება რადიკალურად გაიზრდება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ამ სიტუაციაში საგანგებო ზომებსაც მივმართოთ და წინასწარ მინდა ვთხოვო სასტუმრო ბიზნესს, რომ გაგებით მოეკიდოს ამ ყველაფერს.რა თქმა უნდა, იგულისხმება სივრცეების დათმობა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. კარგად უზრუნველყოფილი კარანტინი არის თითოეული ჩვენგანის დაცვა”
ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.