ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე”

“ჩემო თანამემამულეებო, დღეს საქართველო მსოფლიოს სხვა ქვეყნებსთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, მდგომარეობა მძიმეა, მის კიდევ უფრო დამძიმებას უნდა ველოდოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ თუ რამდენად დროულად ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა.

“ჯერ არ ჩანს დაავადების განკურნების საშუალებები, ჩვენს ხელში მხოლოდ პრევენციაა, გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დროულად ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა, მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე, ასევე დროული და ეფექტური რეაგირებით სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და შეაკავეს ვირუსის შემოჭრის ტემპი და მასშტაბი. მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა ათეულების ფარგლებშია. ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეჩერება მოვახერხეთ, რითაც შეიძლება ვიამაყოთ, ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ჯანდაცვის ერთობლივი მიღწევა. ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოება მზად უნდა იყოს მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს.

“მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს. ამ ახალ ბრძოლას სჭირდება ახალი იარაღი, ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებიდან გამომდინარე ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული მზაობის გათვალისწინებით პრემიერის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე”, – განაცხადა პრეზიდენტმა მიმართვაში.

შეგახსენებთ, საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით 47 ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

იტვირთბა....