ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსის მსგავსი სიმპტომების მქონეთათვის ცენტრალური მიმღები რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება”, – ლევან გოფოძე

“რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ცენტრალური მიმღები ყველა პაციენტისთვის, რომელთან გამოვლენილი აქვთ ახალი კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ლევან გოფოძე აცხადებს.

ლევან გოფოძის თქმით, ყველა ასეთ პაციენტს მხოლოდ სასწრაფო დახმარების სამსახური ან საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი რესპუბლიკურ კლინიკაში მიიყვანს.

„მათი გამოკვლევა მოხდება აქ. როგორც კი გვექნება სწრაფი ტესტები და ამის შემდეგ ჩვენვე გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში. ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენს ველოდებით. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრთან და სასწრაფო დახმარების სადგურთან. ისინი გვატყობინებენ წინასწარ, ჩვენ მათთან ერთად გავდივართ კონსულტაციას, თუ რა კლინიკური სიმპტომები აქვს ამა თუ იმ ადამიანს და შემდეგ ამის მიხედვით ხდება ჩვენთან გადმომისამართება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

არსებული მონაცემებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს 120 პაციენტის მიღება შეუძლია, აქედან 50 – ვისაც რეანიმაცია და ინტენსიური დახმარება ესაჭიროება.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით 47 ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

იტვირთბა....