“მორწმუნე ადამიანებს ან მათ ნაწილს უფლება აქვთ, არ სჯეროდეთ მეცნიერების”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა და ზიარების წესთან დაკავშირებით წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
„მორწმუნე ადამიანებს ან მათ ნაწილს უფლება აქვთ, არ სჯეროდეთ მეცნიერების, ან მიიჩნევდნენ, რომ მათი მნიშვნელოვანი რელიგიური რიტუალის დროს მეცნიერება არ მუშაობს, როგორც ახლა გვესმის, თურმე, კოვზით ზიარებისას დაავადება არ გადავა ადამიანებზე, რაც ჩემთვის არის აბსურდი, მაგრამ მათ აქვთ უფლება, რომ ამის სჯეროდეთ. თუმცა ეს უფლება სამოქალაქო სეკულარულ სახელმწიფოში მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვების უსაფრთხოება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობა ვალდებულია, თუ სავალდებულო შეზღუდვებს დააწესებს შეკრებებზე, ეს ყველას შეეხოს, მათ შორის, ეკლესიასაც.
„მთავრობა ვალდებულია, რომ თუ სავალდებულო შეზღუდვებს დააწესებს, შეკრებებზე ან იმ ტიპის ქმედებებზე, რომელიც ძალიან ზრდის გავრცელების რისკებს, ეს შეეხოს ყველას და მათ შორის პირველ რიგში, ყველაზე დიდ რელიგიურ კონფესიას, რაც არის მართლმადიდებლური ეკლესია. სრულიად გაუგებარი იქნება, თუ ასე არ მოხდება. როცა გაქვს დიდი გავლენა, ამას მოჰყვება პასუხისმგებლობა. რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უპასუხისმგებლოა განცხადებები იმაზე, რომ – ვცდით კოვზით, თუ სხვანაირად რაღაცების გაკეთებას, თუ დადასტურდა, რომ ვრცელდება დაავადება, მერე გადავიფიქრებთ.
არსებობს საღი აზრი მეცნიერული, რომ ასეთი გზით გავრცელების რისკი იზრდება უაღრესად. ეს იდეების გავრცელების შეზღუდვა კი არ არის, ეს არის დაავადებების გავრცელების რისკების შემცირება და აქედან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს ყველა“, – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, გუშინ, 20 მარტს, წმინდა სინოდის კრება ჩატარდა. მღვდელმთავრების გადაწყვეტილებით, ზიარების წესი არ შეიცვლება.
დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით 47 ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.