“ტრამპი გამოვიდა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ს ოფიციალურ რეკომენდაციებს და ექსპერტების რჩევისა და ექსპერტებთან გაკეთებული ანალიზის საფუძველზე, როგორც პრეზიდენტი, თავის თავზე იღებს, რომ ეს მედიკამენტი, „პლაქვენილი“ პრეზიდენტის ბრძანებით დაუშვას გამოსაყენებლად, მისი გამოყენება გახადოს ლეგიტიმური, ანუ ექიმებს ჰქონდეთ უფლება, გამოიყენონ, ვიდრე FDA დასკვნას გააკეთებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მართალი გითხრათ, პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თვენახევარია“
თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
“იმედი”
შეგახსენებთ, დღეს “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.
43 ინფიცირებულიდან, უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა 1925-მდე გაიზარდა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 271 ადამიანი რჩება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.