“ევროპული საქართველო” მთავრობას მიმართავს ინიციატივით, ყველა ოჯახს, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი გადაეცეს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ისაუბრა.
“ჩვენ მოვამზადეთ გეგმა, სადაც გდასახადების შემცირების გზით, საპენსიო ფონდში შენატანების დროებით შეწყვეტის გზით, ასეულობით მილიონ ლარს დავტოვებთ ეკონომიკაში, ადამიანების ჯიბეში, ბიზნესში…
დღეს გამოვდივართ კიდევ ერთი ინიციატივით – ყველა ოჯახს საქართველოში, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთა წლიური შემოსვალი 40 000 ლარზე მეტია, უნდა გადაეცეს 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი… ჩვენ გვაქვს მკაფიო დაფინანსების წყარო – საპენსიო შენატანის 8 თვით შეჩერებით, იზოგება 130 მილიონი ლარი. 130 მილიონი ლარი არის ზუსტად ის თანხა, რომლითაც შეიძლება თითოეული ოჯახისთვის გაიცეს 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, დღეს “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.
43 ინფიცირებულიდან, უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა 1925-მდე გაიზარდა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 271 ადამიანი რჩება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.