“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში 90 000 მოსწავლესა და 10 000 სტუდენტს ინტერნეტვაუჩერი დაურიგდეს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის წევრმა, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.
“მინდა წარმოგიდგინოთ, ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი. ეს ეხება ჩვენს მომავალ თაობას – ახალგაზრდებს, ბავშვებს – მათ, ვინც ძალიან აუცილებელი სოციალური დისტანციის ფონზე, აწარმოებენ ონლაინ გაკვეთილებს. აუცლებელია, ინტერნეტვაუჩერი გადაეცეს ყველა იმ მოსწავლეს და ასევე, სტუდენტების ნაწილს, რომლებიც ვერ ახერხებენ ინტერნეტთან წვდომას… 15 მილიონის ფარგლებში, უნდა დაურიგდეს ინტერნეტვაუჩერი 90 000 მოსწავლეს, ვინც არიან სოფლებში, არ აქვთ წვდომა და ასევე, 10 000 სტუდენტს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, ონლაინკლასები აწარმოონ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებას გუშინ ასევე მიმართა ინიციატივით, რომ შეიქმნას კომუნალური ვაუჩერები.
დღეს “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.
43 ინფიცირებულიდან, უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა 1925-მდე გაიზარდა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 271 ადამიანი რჩება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.