ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ინფექციურში მოთავსებული “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, არასრულწლოვან პაციენტებს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.

„ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რა თქმა უნდა, მსუბუქი სიმპტომები აქვთ, მაგრამ მათთან რამე განსაკუთრებული არ არის და ყველას პროგნოზი კეთილსაიმედოა“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისი თქმით,  ინფექციურში მოთავსებული ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 31 პაციენტის მდგომარეობა მსუბუქი, საშუალო და მძიმეა, თუმცა ყველა სტაბილურადაა.

რაც შეეხება 80 წელს გადაცილებულ პაციენტს, ენდელაძის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ დღეს “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში – 1 575 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275.

43 ინფიცირებულიდან, უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....