ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით ინფიცირებული 86 წლის ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა” – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფექციურში მოთავსებული ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 31 პაციენტის მდგომარეობა მსუბუქი, საშუალო და მძიმეა, თუმცა ყველა სტაბილურადაა.

როგორც მან ცოტა ხნის წინ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“86 წლის ქალბატონის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, საყურადღებო მისი ასაკისა და თანმხლები დაავადების გათალისწინებით. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას. ვცდილობთ, რომ ყველაფერი დამთავრდეს კარგად. 31 პაციენტიდან 11 აქვს პნევმონია”, – განუცხადა ენდელაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში – 1 575 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275.

43 ინფიცირებულიდან, უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

 

იტვირთბა....