თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებულთა შორის, დაავადებულ ბავშვთა პროცენტული მაჩვენებელი “უჩვეულოდ მაღალია”.
“ადრე ითვლებოდა, რომ ბავშვებს საერთოდ არ ემართებათ. შემდეგ თქვეს, რომ ეს მთლად ასე არ არის, ემართებათ, მაგრამ იშვიათად. საქართველომ დაადასტურა, რომ დიახ, ბავშვებს ემართებათ კორონავირუსი – ხშირად არა, მაგრამ 4 შემთხვევა არც ისე ცოტაა. საბედნიეროდ, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – უთხრა ცერცვაძემ “მთავარ არხს”.
ბავშვთა ინფიცირების მაღალ პროცენტულ მაჩვენებელზე საუბრობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიაც.
შეგახსენებთ, საქართველოში, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან 4 ბავშვია.
აღსანიშნავია, რომ 38 ინფიცირებული პირიდან უკვე გამოჯანმრთელდა 1, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.