ახალი ამბები მთავარი

კარანტინის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000, ხოლო იურიდიული 15 000 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ცვლილებები განახორციელა. რის მიხედვითაც, კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება.

ამასთანავე, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ კარანტინის წესს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

“გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ოქმის შემდგენი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირთან ერთად უფლებამოსილი იქნება, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად, როგორც პრევენციული ღონისძიება, გამოიყენოს დამრღვევი ფიზიკური პირის საკარანტინო სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა.” – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები თვის ბოლოსთვის დარეგისტრირდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც გუშინ, 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ერთ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს.

იტვირთბა....