გუდაურში მდებარე რესტორნის, “მთვრალი ალუბლის” თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ დასჭირდათ.
ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტებს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.
„გუდაურიდან გადმოყვანილ პაციენტებს რაც შეეხება, მათ ახალ კორონავირუსზე ტესტი არ ჩატარებიათ, რადგან არ იყო შესაბამისი ჩვენება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
შეგახსენებთ, გუდაურში მდებარე რესტორან „მთვრალი ალუბლის“ ორი თანამშრომელი კორონავირუსის სიმპტომებით, თბილისში შემოწმებაზე გადაიყვანეს.
ასევე , სოციალურ ქსელში გავრცელდა რესტორან „მთვრალი ალუბლის“ თანამშრომლის, მირანდა ესაკიას სტატუსი. მისი ინფორმაციით, 3 ჩეხ ტურისტს, რომლებიც ყოველდღე სტუმრობდნენ „მთვრალ ალუბალს” კორონავირუსი დაუდასტურდათ.
მოგვიანებით ერთი ჩეხი ტურისტის ინფიცირება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმაც დაადასტურა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან ერთი პაციენტი გამჯანმრთელდა და სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში დაკვირვების ქვეშ კი 64 ადამიანია.

