დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის, ანა კასრაძის ინფორმაციით, ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც 4-9 მარტს გუდაურში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. კორონავირუსი დაუდასტურდა სლოვაკეთის მოქალაქესაც, რომელიც ჩეხ ტურისტთან ერთად მოგზაურობდა.
„დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია.
ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან. საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არავისთვის განუცხადებიათ“, – წერს ანა კასრაძე ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში მდებარე რესტორან “მთვრალი ალუბლის” ორი თანამშრომელი, ვირუსის სიმპტომებით, თბილისში შემოწმებაზე გადაიყვანეს.
ამავე რესტორნის თანამშრომლის განცხადებით, ჩეხი ტურისტები, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ, რესტორანს ყოველდღე სტუმრობდნენ.