ქართველი სტუდენთი, თაკო ილურიძე, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა და კორონავირუსი დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
გამოჯანმრთელებული ქართველის შესახებ დავით ზალკალიანმა 12 მარტს განაცხადა. იტალიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტს, კორონავირუსი 4 მარტს დაუდასტურდა. ის სამკურნალოდ რომის კლინიკაში გადაიყვანეს.
“მე ქართველი სტუდენტი ვარ, რომელსაც ჩვენთვის, ყველასთვის ნაცნობი COVID-19-ის გადატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოუწია.
დიდი ხნის განმავლობაში ვემალებოდი ჟურნალისტებს, რადგან სტრესის შემდეგ, უბრალოდ არ მინდოდა გამოჩენა და თითქოს ვერც ვწერდი ვერაფერს, მაგრამ ვფიქრობ, კორონას დამარცხების წარმატებული მაგალითი ყველა ადამიანს სიმშვიდეს მოუტანს და მე თუ შემიძლია ამაში წვლილი შევიტანო, მზად ვარ!
მოგეხსენებათ, რომ მაგისტრატურის სტუდენტი ვარ იტალიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სადაც ჩემი მიმართულების დაუფლებასთან ერთად, აქტიურად ვსწავლობდი იტალიურ ენას სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებთან ერთად. იმ დროს, როდესაც მთლიანი ჩრდილოეთ იტალია პანდემიის საფრთხის წინაშე იდგა, მთავრობამ რატომღაც არ გააუქმა კარნავალი ვენეციაში და ჩემი კურსელებიც გართობის მიზნით არ შეუშინდნენ წასვლას, შემდეგ დაბრუნდნენ და ეს ავადსახსენებელი ვირუსიც ერთ-ერთმა საჩუქრად ჩამომიტანა”, – წერს თაკო ილურიძე სოციალურ ქსელში.
როგორც გამოჯანმრთელებული ქართველი წერს, მისი სიმპტომები სუსტი ყელის ტკივილითა და 37.1 ტემპერატურით დაიწყო.
“ვიგრძენი იმდენად სუსტი ყელის ტკივილი, რომ მეგონა ფსიქოლოგიური მომენტი მქონდა ამდენი შიშისგან, თუმცა ინტუიციით მაინც გავიზომე სიცხე და 37.1 აღმომაჩნდა. რა თქმა უნდა, პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, თუმცა ყველანაირი უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით დავიწყე პირბადით მოძრაობა და ჩავიკეტე ოთახში, რომ სხვებს მოვრიდებოდი. ორი დღე გაგრძელდა დაბალი სიცხეებითა და ყელის ტკივილით, მესამე დღეს დაემატა მსუბუქი ხველა და საღამოს უკვე სიცხე 38.7, რის შემდეგაც საქართველოს საელჩოს დახმარებით იტალიაში მოვითხოვეთ ჩემი გადაყვანა საავადმყოფოში
“საავადმყოფოში 10 დღე დავყავი, რამდენიმე დღის წინ კი მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი გაწერის თაობაზე, მას შემდეგ რაც ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ახლა გავდივარ სავალდებულო საკარანტინო პერიოდს, რის შემდეგაც შევძლებ დავბრუნდე სამშობლოში.
ურთულესი ეტაპია, სხვა ქვეყანაში, ყველა ახლობლოს გარეშე ისეთი დაავადების გადატანა, რომლის დროსაც თავი ატომური ბომბი გგონია და არ იცი როდის აფეთქდები. რთულია, როცა იცი შენი ოჯახი სამი ათასი კილომეტრის იქით ღამეებს ათენებს შენზე ფიქრში. რთულია, როცა გვერდითი პალატებიდან ხალხის ტირილის ხმა გესმის დღე და ღამ და ყველაზე რთულია, როცა შენს რამდენიმე თვის ნასწავლ იტალიურს სამედიცინო სფეროს არგებ, რომ არაფერი გამოგრჩეს შემთხვევით, რას გეტყვის ექიმი (იტალია და ინგლისური ენის ცოდნა უმეტეს შემთხვევაში ერთად წარმოუდგენელია). ამ ყველაფრის მიუხედავად დაუმრაცხებელი არაფერია, უამრავი ადამიანის სიყვარულმა და სითბომ იმხელა ძალა მომცა, ვიცოდი რომ არაფრის უნდა შემშინებოდა!
რაც ვისწავლე ისაა, რომ ჩვენ არასდროს არ ვიცით, როდის რა შეიძლება მოხდეს და არავინ ვართ დაზღვეულები ნებისმიერი საფრთხისგან, ამიტომ რაც შეიძლება დიდი დრო უნდა გავატაროთ ადამიანებთან, რომლებიც გვიყვარს. სითბო, ზრუნვა და ერთმანეთის სიყვარული ნამდვილად გადაარჩენს სამყაროს! მეც ვზივარ ახლა, სულმოუთქმელად ველოდები სამშობლოში დაბრუნებასა და ყველა იმ ადმიანის ნახვას, რომლებმაც ამხელა ძალა მომცეს!
მადლობა საქართველოს მთავრობას, ასევე საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს იტალიაში და რა თქმა უნდა, იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო საქართველოს კონსულს იტალიაში, თამთა რჩეულიშვილს, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი საქმის პროფესიონალი, არამედ ძალიან მაგარი ადამიანია!
ასევე, უამრავ ადამიანს, რომელებიც მუდმივად მამხნევებდნენ და მარტოობას არ მაგრძნობინებდნენ.
მიყვარხართ ყველა და ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს თაკო ილურიძე.