ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზურაბ ჭიაბერაშვილი ნამდვილად არ იტყოდა, რომ საქართველო ყველაზე მოუმზადებელი შეხვდა კორონავირუსს” – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ფეისბუქპოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჭიაბერაშვილი არ იტყოდა, რომ საქართველო ყველაზე მოუმზადებელი შეხვდა კორონავირუსს.

„იცით რამდენი ქვეყანაა მსოფლიოში? გაერო-ს წევრი არის 194 და თუ არ ვცდები, 204 ქვეყანა მსოფლიოში. დარწმუნებული ხართ თქვენ, რომ საქართველო ყველაზე მოუმზადებელია? მე და ბატონ ზურაბს, იცით თქვენ, ისტორიული კოლეგიალობა გვაქვს. არასოდეს არ ვაკრიტიკებ ჩემს ან წინმსვლელებს ან შემდგომ მყოფ ადამიანებს. ბატონ ზურაბს პატივს ვცემ, საკმაოდ განათლებული და ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ მაგას ნამდვილად არ იტყოდა, რომ საქართველო ყველაზე მოუმზადებელი შეხვდაო.

საკმარისი არის შედარებითი ცნება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ გადავიტანეთ დიფტერიის ეპიდემია, აფხაზეთის ომი, 2008 წლის ომი და ა.შ. შედარებითია ყველაფერი. დღეს შედარებით ქვეყანა უფრო მომზადებულია. პოლიტიკურ დებატებში არ შევდივარ არავისთან. პოლიტიკიდან დიდი ხანია, უკვე წასული ვარ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერდა, რომ: „ჩვენ რვა წელი უბრალოდ დავკარგეთ ამ მთავრობის ხელში და ყველაზე მოუმზადებლები ვხვდებით ამ საგანგებო მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, როდესაც ყველას თავისი გასჭირვებია და ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს.“

დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 49.

მსოფლიოში კორონავირუსის 132 992 შემთხვევა არის დადასტურებული, გარდაიცვალა 4945 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 68 891 პაციენტი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....