ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველაზე მოუმზადებლები ვხვდებით ამ საგანგებო მდგომარეობას მთელ მსოფლიოში”

ჩვენ 8 წელი უბრალოდ დავკარგეთ ამ მთავრობის ხელში და ყველაზე მოუმზადებლები ვხვდებით ამ საგანგებო მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, როდესაც ყველას თავისი გასჭირვებია და ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს, – ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

ჭიაბერაშვილის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტს სჭირდება რადიკალური გადალაგება, რომ ქვეყანამ – დასაქმებულმაც და დამსაქმებელმაც, უმუშევარმაც და შედარებით შეძლებულმაც – ამ ყველაფერს გაუძლოს.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, სოციალურ ქსელში კორონავირუსთან საბრძოლველად საჭირო სამ რჩევასაც იძლევა.

“კორონავირუსთან გასამკლავებლად საჭიროა:

1. არ გადავტვირთოთ ჰოსპიტალური სექტორი.

ამისათვის საჭიროა, ოჯახის ექიმებს ჰქონდეთ მკაფიო ინსტრუქცია, საჯაროდ გამოქვეყნებული და ახსნილი, რომელ პაციენტებს აგზავნიან შესაბამის ცენტრებში (ინფექციური, რესპუბლიკური) დიაგნოსტიკაზე.

როცა იმატებს შემთხვევები, რას ვაკეთებთ? ყველას ვაწვენთ საავადმყოფოში, თუ მხოლოდ მძიმე შემთხვევებს? როგორ ვმართავთ მსუბუქ შემთხვევებს?

ვიმეორებ: საჭიროა ყველა დონეზე მკაფიო ინსტრუქცია, რომ ჰოსპიტალური სექტორი ისე არ გადაგვეტვირთოს, რომ მერე მძიმე შემთხვევების მართვაზე რესურსი არ გვეყოს.

2. ფიზიკური კონტაქტის აუცილებელ მინიმუმამდე დაყვანა

– გასვლა მხოლოდ სურსათზე და აფთიაქში
– მხოლოდ აუცილებელი სამსახურები (ექიმები, ექთნები, სოციალური სამსახურები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ.)
– დანარჩენი სამსახურების დისტანციურ (სახლიდან) მუშაობაზე გადაყვანა, რამდენადაც ეს შესაძლებელია სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე. სადაც ეს ვერ ხერხდება, დეზიფენქციისა და თავდაცვის მაქსიმალური ზომები
– საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველდღიური დეზინფექცია მერიის სამსახურების მიერ

თხოვნა ტელევიზიებს: რესპოდენტები ჩართეთ ფეისბუქის, სკაიპის და ა.შ. საშუალებით.

3. ფინანსები

პირველი და მეორე პუნქტის ღონისძიებებს სჭირდება ფული, კერძოდ,

– დამატებითი სახსრები ჰოსპიტალურ სექტორს
– დამატებითი სახსრები აუცილებელ სამსახურებში მუდმივ დეზინფექციას
– სადაგასახადო შეღავათი ბიზნესს, რომ ადვილად გადაიტანონ ეს ვარდნა შემოსავლებში (“ევროპულმა საქართველომ” წინადადებები წარვუდგინეთ მთავრობას)”, – წერს ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.

ჭიაბერაშვილის თქმით, ამ სამი პუნქტის შესასრულებლად ყველაზე სერიოზული პრობლემაა ქვეყნისა და მისი მოქალაქეების სიღარიბე, რადგან ქართველებს სარჩენი ფულის საშოვნად ყოველდღიურად გარეთ გამოსვლა უწევთ.

“ამიტომ ვეუბნებოდით “ქართულ ოცნებას” ამდენი ხანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, შემოსავლების ზრდა უნდა იყოს პრიორიტეტი”, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

იტვირთბა....