ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“პანდემიის ეკონომიკური გავლენა აჩვენებს, რომ 2020 წელი ეკონომიკური აქტიობის დაცემის წელი იქნება” – რატი აბულაძე

ეკონომიკის ექსპერტი რატი აბულაძე “მეტრონომთან” მსოფლიო ეკონომიკასა საქართველოს ეკონომიკაზე “კოვიდ-19”-ის გავლენის შესახებ საუბრობს. აბულაძის თქმით, პანდემიის ეკონომიკური გავლენა აჩვენებს, რომ 2020 წელი ეკონომიკური აქტიობის დაცემის წელი იქნება.

მისი თქმით, საქართველოში, მოვლენების კარგი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ახალი კორონავირუსის შედეგს ეკონომიკაზე მოკლევადიანი ეფექტი ექნება და ქვეყანა რეგენერაციას სწრაფად მოახდენს.

რაც შეეხება მოვლენების ცუდი სცენარით განვითარებას, ეკონომიკის ექსპერტი ვარაუდობს, რომ ასეთ შემთხვევაში, “ყველაზე კარგი” ინფლაცია, “ყველაზე ცუდი” კი, მისი კატასტროფული შედეგები გვემუქრება.

“საკითხი უნდა დავიწყოთ არსებული ვითარების შეფასებით, რომელიც ჯერ პროცესის სრულად შეფასების საშუალებას არ იძლევა. ზოგადად, პანდემიის ეკონომიკური გავლენა აჩვენებს, რომ 2020 წელი იქნება ეკონომიკური აქტიობის დაცემის წელი, მაგრამ აქ აღსანიშნავია, რომ ბევრი ქვეყნისთვის ეკონომიკური ექსპანსია და განვითარება მაინც გაგრძელდება, დაახლოებით, 6-9 თვე. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ ერთი კვარტალი იქნება უარყოფითი მაჩვენებლის მომცემი, რაც რეცესიის განსაზღვრის შესაძლებლობას არ იძლება, თუმცა, რეცესიას დიდად არ ველით. დღევანდელი გარემო არ იძლევა დიდი ვნებათაღელვის მიზეზს, მაგრამ არც დაწყნარების შესაძლებლობას არ იძლევა.

აკადემიურად, სწორი იქნება ვთქვათ, რომ ვირუსი ვრცელდება მსოფლიო ეკონომიკასთან ერთად, საქართველოს ეკონომიკაზე, თუმცა იმისთვის, რომ სრული სურათი დავინახოთ, გჭირდება რამდენიმე თვე. პირველადი შედეგებით, მე მაინც ვიტყვი, რომ მას აქვს მოკლევადიანი ეფექტი. აი, ხვალ რომ დამთავრდეს ვირუსის გავრცელება, უცებ მოვახდენთ ქვეყნის რეგენერაციას. ძალიან მალე მოხდება ეკონომიკური გამოცოცხლება. საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ მალე დავძლევთ ამ პროცესს. მაგრამ ეს კარგი გაკვეთილი იქნება იმისთვის, რომ მოუმზადებელი გარემო არ გვქონდეს სხვა შემთხვევებისთვის, სრულად არ ვიყოთ დამოკიდებული იმპორტულ პროდუქტზე, განსაკუთრებით ყოველდღიური მოთხოვნის პროდუქტზე – სურსათზე. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენ არ ვიცით ჯერ, რამდენ ხანს გაგრძელდება პროცესი, როგორი იქნება გავრცელების სიღრმე. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ პანდემიას რბილად გადავიტანთ და მას ნაკლები გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.

რაც შეეხება მოვლენების ცუდი სცენარით განვითარებას, ინფლაცია გაცილებით პოზიტიური სცენარი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე მისი კატასტროფული შედეგები. კატასტროული შედეგები იქნება ის, რომ ყველა დაზარალდება, თოთეული მოქალაქე, თითოეული დარგი, სფერო. შეჩერდება განვითარება, წინსვლა, კეთილდღეობა”, – აცხადებს რატი აბულაძე.

ექსპერტის თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა, რომელსაც პანდემიური მზადყოფნა ჰქონდა, დღეს გაცილებით მშვიდადაა. რაც შეეხება საქართველოს, აბულაძის შეფასებით, ქვეყანა ფორსმაჟორისთვის მზად არ იყო, რამაც გარკვეული საფრთხეები გამოიწვია და პანიკა შექმნა.

“მე ვფიქრობ, რომ პროცესები იქნება დაჭერილი. უფრო პოზიტიური მოლოდინი მაქვს. მსოფლიო ორინეტირებულია ამ პროცესებზე და გარკვეულწილად, პოზიტიური სცენარით მოვლენების განვითარებას ველოდები. საქართველოში, ჩვენ, დღეს რასაც ვხედავთ ამ კუთხით, ეს არის ერთგვარი იმპროვიზებული მიდგომები. გარკვეულ ქვეყნებში, სადაც შემუშავებულია სპეციალური პროგრამები, უფრო მაღალია სიმშვიდე და მზაობა, მაგრამ არა ჩვენთან. ჩვენ ახლა დავიწყეთ. ეს, ბუნებრივია, საფრთხეს აჩენს და აისახება კიდევაც ხომ – ვალუტის კურსი სწრაფად ავარდა, პანიკა შეიქმნა და ეს შეიძლება დავაბრალოთ გლობალურ გარემოს, მაგრამ რომ გვქონოდა მზადყოფნა ფორსმაჟორისთვის, ასეთი პანიკა არ იქნებოდა. ახლა მაინც, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ მექანიზმი. ყველაფრის ლუსტრირება მოხდება, რამდენად გვაქვს მზაობა ქვეყანაში – ფინანსური გარემო, ეკონომიკური გარემო – ყველაფერი გამოცდას გადის. მარტო იმის თქმა, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ფულად-საკრედიტო მექანიზმებს და ამით დავიჭერთ, ვერ დავიჭერთ. ერთ დღეში არ კეთდება სტიმულირების ეკონომიკური პროგრამები, ამას სჭირდებოდა წინასწარ მომზადება. ყველა სინქრონულად უნდა შეეჭიდოს ამ ურთულეს გამოწვევას, რომ არ გაიქცეს ვალუტის კურსი. შეიძლება ვალუტის კურსი დაიჭირო, ვალი აიღო, მაგრამ ხვალ როგორ უნდა მოიქცე? ეროვნული ვალუტის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის მოწყვლადობასთან. ჩვენ გვაქვს სათანადო რეზერვები, რომელიც გაუფასურების შესაძლებლობას არ მისცემს. უნდა ავამუშაოთ ეკონომიკური პროგრამები, აქტივიზაციის ხელშემწყობი ღონისძებები და პირველ რიგში, გავზარდოთ მმართველობითი ეფექტიანობა, თუ გინდა, რომ ჩვენ დასაშვებ ზღვარში გვქონდეს ინფლაციაც, ვალუტის კურსიც, ფასებიც, პანდემიაც, პროდუქტის მარაგიც და ა.შ.

მე მაინც დადებითად ვუყურებ მთელ ამ პროცესს და გარკვეულწილად მიმაჩნია, რომ ყველაფერი დაძლევადია, უბრალოდ ცოტა მეტი ხისტი მიდგომა გვჭირდება. მსოფლიოს დამოკიდებულება არის საკმაოდ ზუსტი, მათ შორის, ფინანსური, ჯანდაცვის, მმართველობითი და ა.შ. გერმანიამ, მაგალითად, წინასწარ განსაზღვრა იმ პროდუქტების სია, რომელიც იზოლაციის შემთხვევაში, დასჭირდებოდა მოქალაქეს. ჩვენ განვუსაზღვრეთ? რომც განვუსაზღვროთ, შეძლებენ ყიდვას? ვინ იქნება პასუხისმგებელი მოწყვლად ჯგუფებზე? ასეთი მიდგომები არის აუცილებელი მდგრადობისთივს. მხოლოდ მოწოდება არ ქმნის გაერთიანების საფუძველს. საჭიროა, ქმედითი ღონისძიებები, რაც იწყება ელემენტარულით და მთავრდება გლობალური საკითხების ჩართვით”, – უთხრა “მეტრონომს” რატი აბულაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარდგენა დაავალა, რომელიც ხვალიდან განხორციელდება.

საქართველოში, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 24 დადატურებული შემთხვევა ფიქსირდება.

 

მარიამ იმერლიშვილი

 

იტვირთბა....