ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გამოწვევები, როგორც ჩანს ყოველდღიურად გაიზრდება და ჩვენ ვალდებულები ვართ, საპასუხოდ შესაბამისად ვიყოთ მზად”- გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში საკოორდინაციო საბჭო ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მუშაობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიასთან მზაობის პერიოდის შესაბამის რეკომენდაციებს მიჰყვება.

მისივე თქმით, გამოწვევები ყოველდღიურად გაიზრდება და მთავრობა ვალდებულია, მზად  იყოს საპასუხოდ.

„მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ შედარებით ჩვენ ვახერხებთ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, თუმცა არცერთ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს გამოწვევები, როგორც ჩანს ყოველდღიურად გაიზრდება და ჩვენ ვალდებულები ვართ შესაბამისად ვიყოთ მზად საპასუხოდ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე.

მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ეს განსაკუთრებით ეხება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს და რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც საზღვრებზე ფუნქციონირებენ“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერი საქართველოს მთავრობის და საქართველოს ყველა უწყებას აძლევს რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მსგავსი რეკომენდაცია ეძლევათ ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს.

პრემიერი რეკომენდაციას აძლევს მოქალაქეებსაც, რამოდენიმე თვით თავი შეიკაონ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან.

ამასთან, გახარიამ შსს-ს დაავალა, თვითიზოლაციიც ზუსტი და შესაბამისი წესების აღსრულების კონტროლი უზრუნველყოს.

 

იტვირთბა....