თვითმფრინავში მყოფ არცერთ მგზავრს არ დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა. ხოლო როგორც ვიცი, მეორე თვითმფრინავში იყო 7 შემთხვევა. ისინი გადაყვანილები იყვნენ შესაბამის დაწესებულებებში, სადაც ჩაუტარდებოდათ შესაბამისი გამოკვლევა, – ამის შესახებ გუშინ, სპეცრეისით, იტალიიდან დაბრუნებულმა სოფო კილაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ჩვენ კი წამოგვიყვანეს ღამით, ავტობუსებით, გაგვანაწილეს სამხედრო სანატორიუმში. ცალ – ცალკე ოთახებში ვართ ყველა, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ოჯახებით იყო. პირობები არის ძალიან კარგი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მთავრობას და შესაბამის უწყებებს. ვართ იზოლირებულად” – განაცხადა სოფო კილაძემ.
კილაძის თქმით, საქართველოს საელჩო იტალიაში დაეხმარა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჰქონდა მარტის თვის ბილეთები შეძენილი.
“გვითხრეს, რომ 2 კვირა, 14 დღე უნდა გავატაროთ კარანტინში. სხვათაშორის, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ – ერთი რეისი, სადაც ყველა ადამიანი გრძნობდა მაღალ დონეზე სამოქალაქო პასუხისმგებლობას, რომ მოთავსებულიყვნენ სავალდებულო კარანტინის ზონაში. მეც ვიყავი მომზადებული კარანტინისთვის და არც სხვას არ გაუწევია არანაირი წინააღმდეგობა. ჩვენ პირველ რიგში უსაფრთხოებას ვიცავთ”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი სპეცრეისი დაეშვა, რომლითაც სახელმწიფომ იტალიაში დარჩენილი მოქალაქეები კორონავირუსის საფრთხის გამო სამშობლოში დააბრუნა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიიდან ჩამოსული მგზავრები 14 დღით სავალდებულო კარანტინში მოათავსეს. ბორტზე ჯამში 184-მდე მგზავრი იმყოფებოდა.