ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

ბაქრაძის თქმით, “ევროპულმა საქართველომ” კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა შეიმუშავა

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის,  დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიამ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა შეიმუშავა.

ბაქრაძის თქმით, გეგმა შემდეგ შეღავათებს ითვალისწინებს: საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 17%-მდე შემცირება; ქონების გადასახადის განახევრება; ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება.

„უმუშევრობა და ფასების ზრდა არის ორი მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები მხოლოდ გააღრმავებს ამ პრობლემებს. ამიტომ, მოვამზადეთ კონკრეტული გეგმა, გადასახადების შემცირებით და საგადასახადო შეღავათებით როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. კერძოდ, ქონების გადასახადის განახევრებით და საშემოსავლო გადასახადის შემცირებით ჩვენ საშუალებას მივცემთ ბიზნესს, თავიდან აირიდოს სამუშაო ადგილების შემცირება და ადამიანების სახლში გაშვება. ამით შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს. ნავთობპროდუქტებზე აქციზის შემცირებით კი, 8-10 თეთრით შემცირდება ბენზინის ფასი, რაც ასევე გამოიწვევს ძირითად პროდუქტებზე ფასის კლებას და საშუალებას მოგცემ, რაღაც პერიოდი მაინც თავიდან ავირიდოთ ძირითადი პროდუქტის გაძვირება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” გარდა, საქართველოს მთავრობას კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა “ნაციონალურმა მოძრაობამაც” შესთავაზა.

იტვირთბა....