თურქეთის მოთხოვნით ნატო საგანგებო კონსულტაციებისთვის შეიკრიბება. ინფორმაციას, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ავრცელებს.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საგანგებო კონსულტაციის მოწვევა ნატოს წესდების მე-4 მუხლის თანახმად მოხდება. აღნიშნული მუხლის გათვალისწინებით, მხარეები კონსულტაციებს იმ შემთხვევაში გამართავენ, თუ, რომელიმე მათგანის აზრით, ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა თუ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ 29 თურქი გარდაცვლილი სამხედროს გამო, რომელიც რუსული და სირიული ავიაციის მოქმედების შედეგად დაიღუპნენ, თურქეთმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. თურქმა სამხედროებმა მძიმე საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ასადის შეიარაღებული ძალების ჯგუფებს. არსებობს ინფორმაცია, რომ სირიის არმიის მხარეს დამწვარია დიდი რაოდენობით ტექნიკა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.