ოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მისი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა საარჩევნო სისტემაზე გონივრული შეთანხმება შედგეს, თუმცა მისივე თქმით, ამისთვის ცოტა დროა დარჩენილი.
„ქვეყანა ჩიხში შევიდა 13 თუ 14 ნოემბერს, როდესაც პროპორციული სისტემა ჩავარდა. მას შემდეგ არის ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა. ამ მცდელობაში ოპოზიციური ძალები ვართ უფრო თანმიმდევრული, მონდომებული და მოწადინებული. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანაში აქტიურად ჩაება საერთაშორისო თანამეგობრობა, გაჩნდა ჩიხიდან გამოსვლის გარკევული იმედები, მაგრამ ამისთვის დრო ცოტაა დარჩენილი. ეს ყველას ესმის. პირადად მე და „ლელო“, პარტია, რომელსაც მე წარმოვადგენ, არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ გონივრული შეთანხმება იქნას მიღწეული და ვიხილოთ აქტიური საარჩევნო კამპანია, აქტიური შეჯახება და გლადიატორების ბრძოლა საქართველოში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილი.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების ლიდერების საკონსულტაციო ფორმატი შეიქმნა სამართლიანი არჩევნების მოსაპოვებლად.
„ჩვენ ამ გზაზე შესაშური მოთმინება და ერთმანეთის ატანა გამოვავლინეთ. ამ წუთამდე ვართ შეთანხმებული, მწყობრი ნაბიჯით მივიწევთ და იმედია, შედეგი იქნება.
დიალოგის პროცესში ჩვენ ვილაპარაკეთ ყველაფერზე, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა. სამი სხვადასხვა გამოსავალი შევთავაზეთ მათ წინადადებებზე. 100/50 როცა თქვეს, აქაც მივანიშნეთ ამ ნაბიჯის გადადგმა რა ბალანსით შეიძლებოდა ანუ ეს არის ის ბალანსი, რომელიც 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას არ მისცემს საშუალებას, იყოს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში. მარტივია ეს ფორმულა და აქ რიცხვებში არ არის საქმე, პრინციპშია საქმე. ეს ყველაფერი მათთვის ცნობილია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.