ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავს

გენპროკურორად ირაკლი შოთაძის მეორედ დანიშვნას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ.

აქცია 10:00 საათიდან მიმდინარეობს და ამ დროისთვის აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე დაპირისპირებას აქვს ადგილი. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, არ შეაფერხონ მოძრაობა, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცავები მათ ხელს უშლიან და „ძველბიჭურად ესაუბრებიან თანამოქალაქეებს“.

აქციის მონაწილეების ცნობით, დღეს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება არ იგეგმება. ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს და გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.

დღეს გენერალური პროკურორის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსდგება, სადაც მას დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ. სხდომა 12– საათზე დაიწყება. მას ოპოზიცია არ დაესწრება, შესაბამისად, შოთაძის კანდიდატურას კენჭს მხოლოდ უმრავლეოსბა უყრის.

გენპროკურორის კანდიდატს დეპუტატებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ მოუსმინეს. სხდომის დაწყებამდე კი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, თინა ბოკუჩავამ და ელენე ხოშტარიამ შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება გააპროტესტეს. მათ შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს. ამასთან, მოსმენის ფონზე პარლამენტის გარეთ სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

იტვირთბა....