პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” მდივნის გედევან ფოფხაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უცხადებენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მოსმენას ბოიკოტს.
ფოფხაძის შეფასებით, ბოიკოტის რეჟიმი ირაკლი შოთაძეს კომფორტულ გარემოს უქმნის.
მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ამ პროცესში ირაკლი შოთაძის მეორედ შემოყვანა.
“ამ ვითარებაში ბოიკოტი, ყველაზე უფრო კომფორტული სიტუაციაა გენერალური პროკურორობის კანდიდატისთვის და მე ვერ ვხვდები ოპოზიციის ლოგიკას, ასეთ პროცესს ბოიკოტი რატომ უნდა გამოუცხადო. როდესაც მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა იყო, იმ განხილვის პროცესში პროცესის ლუსტრაცია მოვახერხეთ. მეც არ მაქვს პასუხი, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ირაკლი შოთაძის შემოყვანა მეორედ ამ პროცესში,” – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ. სხდომას ოპოზიციის ნაწილი არ ესწრება. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ნიღბებით მივიდნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ამ ფორმით შოთაშის დაბრუნება გააპროტესტეს და მას ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს. ამასთან, მოსმენის ფონზე პარლამენტის გარეთ სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა 7 თებერვალს შეარჩია. შოთაძის კანდიატურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ წარსდგება, სადაც მას დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.