ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როცა ვუთხარით სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ თქო, მაშინ შეგვიშვეს ევროპარლამენტში” – კალაძე

თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ კალაძე და კობახიძე  ევროპარლამენტში ლანდებივით დადიან და მათ არავინ იცნობთ.

კალაძის განცხადებით  სამადაშვილი სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის.

„გუშინ ვნახეთ ჩვენი ამ ინიციატივის შემდეგ ოპოზიციის წევრები რა მდგომარეობაში ჩავარდნენ, რა განცხადებებს აკეთებდნენ. ცხადია და ყველასთვის თვალნათელია, რომ მათ არ აქვთ სურვილი იმის, რომ ევროპარლამენტარებმა გაიგონ სიმართლე რეალურად რა ხდება ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომ მოპარულია 50 მილიონი ბიუჯეტიდან ხალხის ფული. თუმცა, ჩვენ ჩვენს სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ და გავაგებინებთ ყველას.

რა პასუხი უნდა გავცე სამადაშვილის სისულელეებზე?! მგონი, სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის. საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და მაგის მერე შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი სტრასბურგში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, სადაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.

იტვირთბა....