საქართველოს სამი მოქალაქე, ჩინეთის ქალაქ იანგჭოუდან თბილისში ჩამოვიდა. მოქალაქეების ტრანსპორტირება მათი თხოვნის საფუძველზე მოხდა. ლუკა ბუხრაშვილის, ნინო ვაშალომიძისა და ანი ტატიშვილის ტრანსპორტირება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” უზრუნველყო.
სამ მოქალაქეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური შემოწმება გაიარეს.
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის ინფორმაციით, მგზავრებმა უკვე დაასრულეს ყველა საჭირო საკარანტინო პროცედურა, ამ ეტაპზე ისინი არიან ჯანმრთელები.
,,ვადასტურებთ, რომ სამივე მგზავრი მშვიდობით დაბრუნდა სამშობლოში. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ჩინეთის საელჩოდან საქართველოში, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურდათ საქართველოში დაბრუნება, ეს ინფორმაცია გაეგზავნა საკოორდინაციო საბჭოს, რის შემდეგაც ეკონომიკის მინისტრის დავალებით, აეროპორტების გაერთიანებამ უზრუნველყო მათი დაბრუნება საქართველოში. მგზავრებმა უკვე დაასრულეს ყველა საჭირო საკარანტინო პროცედურა, მათ გაიარეს საკარანტინო პროცედურები გამოფრენამდეც. ამჟამად ისინი იღებენ რჩევა-დარიგებას, თუ რა უნდა მოხდეს, როდესაც ისინი დაბრუნდებიან სახლში. ამ ეტაპზე ისინი არიან ჯანმრთელები მათ არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომები და დაბრუნდებიან სახლში”, – აღნიშნა თამარ არჩუაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის გარდა ახალი კორონავირუსი 27 ქვეყანაში გამოვლინდა.
საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, 29 იანვარს ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.