ყოფილი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, შესაძლოა ის გაერთიანდეს იმ შტაბში, რომლის შექმნასაც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ, გუბაზ სანიკიძე “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში აცხადებს.
„მე რამდენადაც გავიგე ეს არის პოლიტიკური ბანაკის შექმნის სურვილი, სადაც გარდა პოლიტიკური პარტიებისა, იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ცალკეული პიროვნებები, ანუ დიდი პოლიტიკური ბანაკის შექმნასთან დაკავშირებით საუბრობს, ალბათ. ამ ბანაკის მიზანი უნდა იყოს არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება. ჩემი დამოკიდებულება და ჩემი მოსაზრებები, სხვათა შორის, ძალიან დაახლოებულია ამ აზრთან, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააჟღერა, ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი, როდესაც მე მას კიევში შევხვდი, რაღაც მაგგვარზე გვქონდა საუბარი, რომ უნდა გაკეთდეს დიდი ზეპარტიული მოძრაობა – პოლიტიკური ბანაკი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ გადაწყვიტა, უკვე აქტიურად ჩაერთოს ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად და შექმნას საკუთარი პირადი შტაბი.