ჩინეთში, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული 243 პაციენტი სრულად განიკურნა და გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდე გაიზარდა. ვირუსით ინფიცირებულია 11 700-ზე მეტი ადამიანი, ხოლო მათგან 1800-ის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ცნობით, ამ დროისათვის საავადმყოფოდან გაწერილთა რიცხვი 243-ს შეადგენს.
ჩინელი ექსპერტების განცხადებით, ახალი კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ორ მეტრამდე რადიუსში ვრცელდება. ინფიცირება ხდება ასევე თვალთან დაბინძურებული ხელის კონტაქტით. ვირუსის ძირითადი სიმპტომები კი მშრალი ხველით, სუნთქვის გართულებით, სუნთქვითი უკმარისობით, ტემპერატურული მატებით, სისუსტით გამოიხატება. გარკვეულ შემთხვევებში, დაავადება პნევმონიის გარეშე, მხოლოდ ხველითა და არც ისე მაღალი ტემპერატურული მატებით მიმდინარეობს.
ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. როგორც ცნობილია ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება.
საქართველოში საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა.
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი, თავის მხრივ, კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს.