პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ “5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობის” გამო ცენტრს ხურავენ.
მათი თქმით, ამ თანამშრომლებმა ხელი მოაწერეს საჯარო რეესტრში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე შეჩერებას ეხებოდა.
“დღეს, 2025 წლის 21 იანვარს, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს გვაცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომელთაც ხელი მოაწერეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაყენებასთან დაკავშირებით და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობის შესახებ”, – აცხადებენ თანამშრომლები.
ისინი ცენტრის დახურვაზე გადაწყვეტილებას რეპრესიების მორიგ გამოვლინებად აფასებენ.
“ჩვენ, აღნიშნულ განცხადებაზე პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებიდან ხელმომწერი პირები, მითითებულ ქმედებას ვაფასებთ, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული კეთილსინდისიერი თანამშრომლების მიმართ დაწყებული რეპრესიების მორიგ გამოვლინებას და საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქმედ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მცდელობას.
ჩვენ, აღნიშნულს მივიჩნევთ სისტემის მხრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრებისა და სხვა პოლიტიკური ნიშნით დევნისა და მარგინალიზაციის პროცესის დაწყების ღია აღიარებად!
პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ჩვენ გამოვიყენებთ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში არსებული სამართლებრივი დაცვის ყველა მექანიზმს და ვიბრძოლებთ საკუთარი და ჩვენი კოლეგების უფლებების დასაცავად!
ჩვენ, ვრჩებით ერთგული საქართველოს კონსტიტუციის! ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ხალხს!” – აცხადებენ ისინი. მათ განცხადებას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.