ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც ჩინეთიდან ევაკუაციაზე თანხმობა გამოთქვეს, კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან” – ტიკარაძე

“თურქეთის რესპუბლიკიდან ჩინეთის მიმართულებით უკვე აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციას მოახდენს”, – აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.

მინისტრის თქმით, ევაკუირებულები კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან.

„ამ ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან და მათ გამოთქვეს თანხმობა ევაკუაციის შესახებ, გადმოფრინდებიან თურქეთის რესპუბლიკაში და გაივლიან თურქეთის რესპუბლიკაში კარანტინის პერიოდს, რომელიც ამ დაავადებების კუთხით არის დადგენილი. თურქეთის რესპუბლიკა თავიანთ კარანტინს მართავს მათი პროტოკოლის მიხედვით და ეს არ არის მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის პროტოკოლი. ამაში აქტიურად არის ჩართული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ყველა ქვეყანას გაგვაჩნია ვალდებულება, გამოვიყენოთ ის პროტოკოლი, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის. ამ დროისთვის თანხმობა განაცხადა 4-მა მოქალაქემ, თუმცა დაგვიკავშირდა რამდენიმე ტურისტი, რომელიც ტურისტულად იმყოფებოდა იქ და ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას, რომ ამ ტურისტების გადმოყვანაც მოხდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ახალ კორონავირუსს, ბოლო მონაცემებით,  213 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 9692-მდე გაიზარდა. 1500 ადამიანზე მეტის მდგომარეობა კი საკმაოდ მძიმეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

იტვირთბა....