თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ შეყვანილ ტყუპ ჩინელ გოგონას A ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდა, 24 წლის მამაკაცს კი, გრიპი არ დაუდგინდა.
რაც შეეხება, უხანიდან ჩამოსულ დედა-შვილს, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს, ცერცვაძის თქმით, მათ დაუყოვნებლივ ჩაუტარდებათ გამოკვლევები.
“გოგონებთან დადგინდა A ტიპის გრიპის ვირუსი, ხოლო 24 წლის ახალგაზრდასთან გრიპი არ დადგინდა, მაგრამ კარგი ინფორმაცია ის არის, რომ არც ამ 24 წლის ახალგაზრდას და არც ორ ჩინელ ბავშვს არ აქვთ რენტგენოლოგიურად ფილტვების ანთება. ეს არ გამორიცხავს 100%-ით კორონავირუსით ინფექციას, ვინაიდან შესაძლოა, კორონავირუსით ინფექციის ცალკეული შემთხვევები მიმდინარეობდეს პნევმონიის გარეშე.
რა შეეხება ბოლო პაციენტს, ახალგაზრდა ქალბატონი შვილთან ერთად უხანიდან არის წამოსული. ის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. რამდენადაც მე ვიცი, ეს ქალბატონი იყო ტაილანდში, შემდეგ დუბაის გავლით შემოვიდა ჩვენთან. ის მოთავსდა უკვე ბოქსირებულ განყოფილებაში, რომელიც იზოლირებულია. ამ პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდება საჭირო გამოკვლევები.”, – უთხრა “მთავარ არხს” თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყაზბეგიდან ჩინელი ტურისტების ცხრაკაციანი ჯგუფი, მათ შორის ორი სიცხიანი პაციენტი გადაიყვანეს.
ინფექციურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ უხანიდან ჩამოსული დედა-შვილი შეიყვანეს.
საავადმყოფოშია ასევე 24 წლის ბიჭი, რომელიც ჩინეთში მუშაობს, საქართველოში დაბრუნებული კი, გარკვეული სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ, ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.