“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს სამარცხვინოს, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის იმ ნაწილს კი, სადაც მან რუსეთის დასჯაზე საუბარს თავი აარიდა, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯს უწოდებს.
როგორც “მეტრონომს” კაპანაძემ განუცხადა, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მაამებლური პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკაში ყველა მიმართულებით აგებს.
“ეს ნაწილი არის არათუ სამარცხვინო, არამედ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო და მავნე ქვეყნისთვის. როდესაც პრეზიდენტი ასე იქცევა, შესაბამისი რეაგირება არის წესით ამაზე საჭირო, მაგრამ ეს რეაგირება არ იქნება, რა თქმა უნდა, სანამ “ოცნება” ისევ ხელისუფლებაშია, მაგრამ მერე შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ ღიად გადადგმული ნაბიჯი და თან რომელ ორგანიზაციაში არ დაგვავიწყდეს – ევროსაბჭოში, სადაც ყველაზე მთავარი თემა ბოლო წლების არის სანქციები რუსეთს. იქ რომ ამ თემაზე არ ისაუბრებ და ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებ, მით უმეტეს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის დეპუტატი გეკითხებას ამას, ეს არის პირდაპირ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
არ ვიცი, ეს როგორ აისახება საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე. საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ბოლო წლებში არ არის კარგი და ესეც არის “ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილება შეგნებულად მიღებული. არც ერთი მაღალი დონის, პრემიერ მინისტრის დონეზე ვიზიტი არ გვქონია უკრაინასთან 2013 წლის შემდეგ. ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენთვის, ამიტომ ისედაც ცუდი გვაქვს ურთიერთობები უკრაინასთან. ამის კიდევ გაუარესება, შესაძლებელია, მოხდეს თუ ასეთი ბრიყვული პოლიტიკა ექნა საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ესენი სასწრაფოდ სახლში გაუშვათ და ბევრი მიმართულებით სიტუაცია გამოვასწოროთ. ერთ-ერთი პირველი მიმართულება კი, უნდა იყოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები უკრაინასთან.
დიდი ხანია დადასტურდა, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ინტერესებს უფრო იცავს, ვიდრე ეროვნულ ინტერესებს და მზად არის, სადაც შესაძლებელია დათმობა, ყველგან დაუთმოს.
რუსეთის მხრიდან ეს იკითხება, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მას არ ეწინააღმდეგება. სრული კარტბლანში აქვთ – რასაც უნდა, იმას აკეთებენ. ამიტომ არის, რომ გაუარესება გვაქვს ყველა მიმართულებით – ეს არის ბორდერიზაცია, საგარეო პოლიტიკაში ყველა მიმართულებით ვაგებთ. ეს არის შედეგი მაამებლური პოლიტიკის”, – განუცხადა “მეტრონომს” სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას თავი აარიდა.
უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა, ალექსეი გონჩარენკომ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, აეხსნა, დაუჭერს თუ არა ოფიციალური თბილისი მხარს იდეას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „რუსეთი მართლაც არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. პრობლემა იმაშია, რომ რაც უფრო დიდია სახელმწიფო, მით ნაკლებია მისდამი ყურადღება მონიტორინგის პროცედურების ფარგლებში“.
მარიამ იმერლიშვილი