ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უუნარო ხელისუფლების ხელში აღმოჩენილი ქვეყანა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გავიყვანოთ ფონს” – უსუფაშვილი

პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა, ქუთაისში პარტიის ოფისის გახსნისას, გუშინ კიდევ ორი კოგრესმენის მიერ გამოგზავნილ კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც უსუფაშვილი ამბობს, საქართველო მორიგ ჯერზე ყურადღების ცენტრში ექცევა, იმიტომ რომ მორიგი მმართველი მორიგ ჯერზე ვერ უმკლავდება თავის საქმეს და ქვეყანა მიჰყავს არასწორი მიმართულებით.

„ეს არის არა ერთი დღის, არამედ წლების განმავლობაში დანახული პრობლემები და ამის ბოლო წვეთი იყო პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული მზაკვრული ნაბიჯები, რომელიც გადადგეს „ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა. ეს იყო ბოლო წვეთი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოთმინების ფიალა ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც, ვილნიუსშიც, ბერლინშიც და ყველგან აივსო და უკვე ყველას გასაგონად გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვხედავთ, „ოცნება“ და მათი ლიდერი შიშველია, მათ გადაუხვიეს გზას დემოკრატიის და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ქვეყნის მშენებლობის და ეს შესაცვლელია. ეს არის მტკივნეული ჩემთვის პირადად იმიტომ, რომ საქართველოს ეხება და საქართველო მორიგ ჯერზე ყურადღების ცენტრში ექცევა იმიტომ, რომ მორიგი მმართველი მორიგ ჯერზე ვერ უმკალვდება თავის საქმეს და ქვეყანა მიჰყავს არასწორი მიმართულებით, მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ წერილებში სრულიად ცალსახადაა დადასტურებული მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და საქართველოსადმი და თანადგომა დემოკრატიული საზოგადოების. ეს ვითარება არის სახიფათო და საქართველოს ოპოზიციურმა ძალებმა, „ლელომ“, სხვებმა სათანადო პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ იმიტომ, რომ უუნარო ხელისუფლების ხელში აღმოჩენილი ქვეყანა ჩვენ უნდა გავიყვანოთ ფონს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრით, პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯი ილახება და ეს აღარ უნდა განმეორდეს.

„ერთი მხრივ, ისაა, რომ ხედავენ უცხოელი პარტნიორები და იქნებ აქაც დაინახოს იმ ხალხმა, ვინც ჯერ კიდევ ვერაფერს ხედავს, მეორე მხრივ, სიმწრისგან არ ვიცი, რა გავაკეთო, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას ეხება, ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი ილახება ამით, ეს კრიტიკა, რომელიც ამხელა სიმაღლეებიდან მოდის, ეს ესმის იმ უცხოელ ინვესტორსაც და რა გვემართება? 7-8 წელიწადში ჩავალთ ბრიუსელსა და ვაშინგტონში და კიდევ ერთხელ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ უი, არ გამოგვადგა ისევ ვიღაც და მოგვეხმარეთ მის შეცვლაში. ეს ხომ ქვეყნის პრესტიჟს ანგრევს, ეს აღარ უნდა განმეორდეს, აღარ უნდა დავუშვათ ასეთი რამ და ამის გარანტი უნდა იყოს პოზიტივზე, ქვეყნის აღმშენებლობაზე ორიენტირებული პატიოსანი ადამიანების გუნდი“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთმა წევრმა, ბრაიან ბაბინმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გამოუგზავნა.

იტვირთბა....