ომბუდსმენი, პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას, მისი ციხეში ვიზიტის და შეხვედრების შესახებ, ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენელის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.
როგორც ლომჯარიამ განაცხადა, მათ არ ჰქონდათ უფლება კონფიდენციალური შეხვედრების შესახებ ინფორმაცია გაესაჯაროებინათ. ომბუდსმენი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რეაგირებაზე და კონკრეტულ ნაბიჯებზე განცხადებას ხვალ გააკეთებს.
“დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაარღვია კანონი, მიმაჩნია, რომ ეს არის სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევა და ეს არის დანაშაული და რა თქმა უნდა, მე ამას ასე არ დავტოვებ, აუცილებლად მექნება რეაგირება და კონკრეტულ ნაბიჯებზე ხვალ გავაკეთებ განცხადებას. აუცილებლად არის გამოძიება დასაწყები, სახალხო დამცველის საქმიანობის მთელი პრინციპი დგას კონფიდენციალურობაზე და მის დაცვაზე ბენეფიციარებთან ურთიერთობის დროს და ეს კონფიდენციალურობა დაარღვია ხელისუფლების კონკრეტულმა წარმომადგენელმა და უწყებამ და ჩაიდინა დანაშაული.”- განაცხადა ომბუდსმენმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდა.
როგორც ლომჯარია ამბობს, ის კონკრეტულ პატიმრებს შეხვდა და ციხეში მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სისტემამ გაავრცელა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელ კონკრეტულ პატიმრებზეა საუბარი და შეხვდა თუ არა ომბუდსმენი ირაკლი ოქრუაშვილს ან ვანო მერაბიშვილს, ლომჯარიამ, პასუხის გაცემისგან თავი შიკავა და თქვა, რომ სწორედ იმ პატიმრებისგან არ ააქვს თანხმობა, ინფორმაციის გასაჯაროების, ვისაც შეხვდა.