“მე აქ მოვედი და გარეთ გამოსულს დამხვდა, გაფრთხილებული მედია საშუალებები. ვინ გააფრთხილა და რატომ თქვენ თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნები” – ამის შესახებ, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, “ტვ პირველის” ჟურნალისტს განუცხადა.
“მე აქ მოვედი და გარეთ გამოსულს დამხვდა, გაფრთხილებული მედია საშუალებები. ვინ გააფრთხილა და რატომ თქვენ თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნები. რამდენად ჯანსაღია ეს და რამდენად ნორმალურია, არმგონია, რომ ეს იყოს ნორმალური.” – აცხადებს ომბუდსმენი.
როგორც ლომჯარია ამბობს, ის კონკრეტულ პატიმრებს შეხვდა და ციხეში მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სისტემამ გაავრცელა.
“საიდან გავრცელდა, სავარაუდოდ გავრცელდა ამ სისტემიდან, ვინც იცოდა, რომ აქ შემოვედი. რა სპექტაკლია ეს არ ვიცი. დაბნეული ვარ მე თვითონ, მეცინება. კონკრეტულ პატიმრებს ჰქონდათ თხოვნა, გამომდინარე იქედან, რომ მე შემდეგ კვირაში არ ვარ საქართველოში, მნიშვნელოვანი ვიზიტით მივემგზავრები სტრასბურგში, შესაბამისად, რომ არ გადადებულიყო დიდი ხნით შევხვდი ამ პატიმრებს, მათი თხოვნის საფუძველზე.”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელ კონკრეტულ პატიმრებზეა საუბარი და შეხვდა თუ არა ომბუდსმენი ირაკლი ოქრუაშვილს ან ვანო მერაბიშვილს, ლომჯარია, პასუხის გაცემისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ სწორედ იმ პატიმრებისგან არ ააქვს თანხმობა, ინფორმაციის გასაჯაროების, ვისაც შეხვდა.
“კონკრეტულად რომელ პატიმრებზეა საუბარი, მე არ მქონია თანხმობა მათგან, რომ ამაზე მესაუბრა. არც ვაპირებდი. რამოდენიმე პატიმარს შევხვდი, ამაში რამე განსაკუთრებული და კონფიდენციალური არ არსებობს, მაგრამ რახან არ მაქვს თანხმობა არ ვაპირებ ამ საკითხებზე საუბრას. მათ სურდათ ჩემთან შეხვედრა. იურიდიულ საკითხებზე ვისაუბრეთ.” – აცხადებს ომბუდსმენი.