ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ, დღევანდელი ხმაურიანი სასამართლოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზაზა სარალიძის საქმეში დამნაშავედ ცნობილ პირებს უფორმდება საპროცესო შეთანხმება და გამორიცხული არ არის, რომ იმ ბრალდებულსაც, რომლის სასამართლო პროცესიც იმართებოდა, გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება.
„ის შუამდგომლობა, რომ თავად დაზარალებული მხარე, ზაზა სარალიძე არ დაესწროს სასამართლო პროცესებს, უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი. ვინაიდან, კანონმდებლობით, დაზარალებულ მხარეს აქვს უფლებამოსილება, ესწრებოდეს სასამართლო პროცესებს. რაც შეეხება ადვოკატის დასწრებას, მე რა თქმა უნდა, უფლება მაქვს და დავესწრები სასამართლო პროცესებს, მითუმეტეს, რომ გახსნილია სასამართლო პროცესები, მაგრამ უსამართლოა და დაუსაბუთებელი თავად მხარეს აეკრძალოს სასამართლო პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა. თუ რამ გამოიწვია მისი აღელვება, ცოტა მგონია, რომ ეს კითხვა არ არის შესაბამისობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, თვალნათლივ, რომ მსჯავრდებულ პირებს, რომლებიც არიან ხორავას ქუჩის საქმეში, უფორმდება საპროცესო შეთანხმება. როგორ ფიქრობთ, ეს დაზარალებული მხარისთვის მარტივი შესაგუებელია?! მისი ემოციური მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია?! კი, წლებთან დაკავშირებით არ დაობს. ამის შესახებ სარალიძე აცხადებდა ჯერ კიდევ აქციების მიმდინარეობისას და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს მისი ახალი პოზიციაა. ეს პოზიცია ჰქონდა მას თავიდანვე, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ის ემოციის გარეშე უყურებს ამას. მისი შვილის საქმეში დამნაშავედ ცნობილ პირებს უფორმდება საპროცესო შეთანხმება და გამორიცხული არ არის, რომ იმ ბრალდებულსაც, რომლის სასამართლო პროცესიც იმართებოდა, გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოწმის სტატუსით მიხეილ კალანდიას დეიდაშვილი და მირზა სუბელიანის შვილი ალექსანდრე სუბელიანი იკითხებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოწმე არასრულწლოვანია სასამართლო სხდომა მისი გადაწყვეყილებით ღია იყო. პროცესზე ზაზა სარალიძესა და კალანდიას ოჯახს შორის დაპირიპირება მოხდა.
ამასთან, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ მის პროცესებს ზაზა სარალიძე აღარ დაესწროს.
როგორც მიხეილ კალანდიას ძმამ ლუკა კალანდიამ, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის და მისი ოჯახი ორი წელი ხმას არ იღებდა, რადგან მიცვალებულს პატივს სცემდა. როგორც მან დააანონსა დღეიდან ყველას პასუხი გაეცემა.
იხილეთ ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი.