“გასაოცარი დემოკრატიის მეშვიდე წელს, ევროპარლამენტიდან ვიღებთ გასაოცარ კრიტიკას… ევროპარლამენტში პასუხისმგებელი არავის უხსენებია მათ შორის გახარიაც კი, არამედ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ივანიშვილი და ეს ყველას კარგად აქვს გასიგრძეგანებული. ამიტომ, ვერც პასუხისმგებლობას გაექცევა და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ რაც უფრო გააჭიანურებს პროცესს ნორმალური საარჩევნო სისტემის დაბრუნებისკენ, მანამდე ეს კრიტიკა არ დამთავრდება, მეტიც იქნება შეუქცევადი და საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ მიიყვანს სრულ დელიგიტიმაციამდე”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
შეგახსნებთ, ბრიუსელში გუშინ, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ქართული დელეგაციაც იმყოფებოდა, საქართველოს საკითხზე ისაუბრეს.
“გულახდილად თქვით, ამბობდა თუ არა ბატონი ივანიშვილი, შეცვალეთ საარჩევნო სისტემა, თუმცა კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს აწყობდა? თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ”, – ამ სიტყვებით ევროპარლამენტარმა, მარკ გალერიმ კომიტეტის სხდომაზე ქეთევან ციხელაშვილსა და კახა კუჭავას მიმართა.
ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა კი, ქართულ დელეგაციას უთხრა – “შეგიძლიათ, მითხრათ, არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული?“