ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებულ პირს გირაო შეეფარდა

დეპუტატ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე დაკავებულ პირს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ბრალდებულისთვის, ვახტანგ რობაქიძისთვის გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რობაქიძეს გირაოს სახით 7 000 ლარის გადახდა დააკისრა.

ადვოკატის ინფორმაციით, რობაქიძეზე პოლიციის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორმა მოკვლევა უკვე დაიწყო. ადვოკატმა როლანდ შონიამ ასევე მოსამართლე მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და მისი აცილებაც მოითხოვა, რაზეც უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი 14 იანვარს მოხდა.

იტვირთბა....